ლიონელ მესი

არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, "ნიუელ ოლდ ბოიზში" დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში ლიონელს ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ჩარიცხულიყო.

თავდაპირველად მესი "ბარსას" 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა და მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების შემდეგ იყო "ბარსა ც", შემდეგ "ბარსა ბ" და ბოლოს კატალონიური კლუბის პირველი გუნდიც.

2003/2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, პირველ გუნდთან ერთად "პორტუს" წინააღმდეგ, "დრაგაოს" სტადიონის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა "ესპანიოლთან" შეხვედრაში.

ვინაიდან იმ დროისთვის პირველი გუნდის არაერთი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, მწვრთნელს ხშირად უწევდა სარეზერვო გუნდიდან მოთამაშეების გამოძახება და მესიც ნელ–ნელა იქცა პირველი გუნდის წევრად. 2005 წლის 1 მაისს მესი გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მოახერხა გოლის გატანა. ეს მოხდა "ალბასეტესთან" გამართულ შეხვედრაში. იმ დროისთვის მესი მხოლოდ 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო. თუმცა ეს რეკოდრი მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა მოხსნა.

მესიმ გაიბწყინა მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზეც, რომელიც ჰოლანდიაში გაიმართა. ის ჩემპიონატი ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთლების ტრიუმფით დასრულდა, ხოლო მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. 18 წლის ასაკში მესი უკვე ითვლებოდა მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად. ცოტა ხანში კი მას არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი უნგრეთის წინააღმდეგ.

მესის, როგორც "ბარსელონას" პირველი გუნდის უცვლელ წევრად გადაქცევას ადგილი 2005–2006 წლების სეზონში ჰქონდა, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა გამპერის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი თამაშით დაიწყო. მესი ასევე მონაწილე გახდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას" მიერ 3:0 მოგებული შეხვედრისა. ასევე, "სტემფორდ ბრიჯზე", უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული თამაშისა. სამწუხაროდ მესის სეზონის ბოლომდე ჩამთავრება ტრავმამ არ დააცადა. იმ სეზონში ლიონელმა ესპანეთის ჩემპიონატში 17, ჩემპიონთა ლიგაზე 6 და ესპანეთის თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და მთლიანობაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

მომდევნო სეზონში მესიმ მთელი მსოფლიო განაცვიფრა, გაიტანა რა დაუჯერებელი გოლი "ხეტაფეს" კარში ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. მიუხედავად იმიას, რომ 2006/2007 წლების სეზონში "ბარსელონა" ტიტულის გარეშე დარჩა, მესი ფიფას ვერსიით მაინც გახდა მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე წელს, "ფრანს ფუტბოლის" დაჯილდოებაზე მესიმ მესამე ადგილი დაიკავა. არგენტინელ ფეხბურთელს არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს პროგრესირება და 2007/2008 წლების სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში თავი 16 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩნა. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" კვლავ უტიტულოდ განაგრძობდა გამოსვლა, 2008 წელს მესიმ ზედიზედ მეორედ დაიკავა მეორე ადგილი ფიფას მიერ წლის ფეხბურთელის გამოსავლენად გამართულ ცერემონიალზე.

2008/09 წლების სეზონში, უკვე რონალდინიოს გარეშე დარჩენილი მესი გუნდის მთავარი ვარსკვალვი გახდა. მან მთელი სეზონი ტრავმის გარეშე ჩაატარა და 51 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. არგეტინელმა თავი ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებშიც გამოიჩინა. საბოლოოდ, 2009 წელს, ის როგორც FIFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. ამ შედეგს მან იმის წყალობით მიაღწია, რომ "ბარსელონამ" 2009 წელს ექვსივე ტიტული მოიგო.

2009/10 წლების სეზონში მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 34 გოლი გაიტანა, რაც რონალდოს მიერ 1996/97 წლებში ნაჩვენები შედეგის გამეორება იყო. იმავე სეზონში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "ესტუდიანტესთნ" მატჩში, ლეომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო სეზონში, მესიმ ანგარიშზე 53 გოლი ჩაიწერა. სეზონის მიწურულს, ლონდონში გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალში, 2 წლის წინანდელის მსგავსად, არგენტინელმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და ის გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

2011 წელს, ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" ზედიზედ მესამედ მოიგო. მანამდე, ეს ჯილდო ამდენჯერ მხოლოდ კრუიფს, პლატინისა და ვან ბასტენს ჰქონდათ მოგებული. მომდევნო წელს, არგენტინელმა "ოქროს ბურთი" მეოთხედ მოიგო და რეკორდი დაამყარა.

2011/12 წლების სეზონში, მესიმ "ბარსელონას" ლეგენდის, სესარ როდრიგესის რეკორდი დაამხო, გაიტანა კლუბის ისტორიაში 233-ე გოლი ოფიციალურ მატჩებში და კატალონიელთა საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მან ეს შედეგი 2012 წლის 20 მარტს, "გრანადასთან" 5:3 მოგებულ შეხვედრაში შესრულებული ჰეთ თრიქით დააფიქსირა.

2 კვირით ადრე, 2012 წლის 7 მარტს, მან ჩემპიონთა ლიგაზე, "ლევერკუზენის" კარში 5 გოლი გაიტანა.

2012 წლის 5 მაისს, ლეომ მორიგი დაუჯერებელი შედეგი აჩვენა - "ესპანიოლთან" გამართულ მატჩში, მან ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 50-ე გოლი გაიტანა. იმ მატჩში, მესიმ თავი 4-ჯერ გამოიჩინა, რაც მის კარიერაში მეოთხედ მოხდა. სეზონი კი ლეომ კარიერაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლით დაასრულა - "ბილბაოსთან" თასის ფინალში, როდესაც თითქმის მთელი გუნდი მოატყუა. 2011/12 წლების სეზონში, მესიმ გოლი ყველა ტურნირზე გაიტანა, სულ 73. 2012 წლის განმავლობაში კი მას 91 გოლი დაუგროვდა, რაც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე საუკეთესო შედეგი, 85 გოლი, გერდ მიულერს ჰქონდა, 1972 წელს.

ეს მესის მიერ 2012/13 წლების სეზონში დამაყარებული ერთადერთი ისტორიული რეკორდი არ ყოფილა. მან, ამ სეზონში, ლა ლიგაში, გოლი ზედიზედ 19 შეხვედრაში გაიტანა, თან 19 სხვადასხვა გუნდთან. სეზონის მე-2 ნახევარში, პსჟ-სთან გამართულ შეხვედრაში, ლეომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ის სეზონის დასკვნით ნაწილში ჩვეულ ფორმაში ვერ იყო. ამის მიუხედავად, "ბარსელონამ" ლა ლიგა რეკორდული 100 ქულით მოიგო, მესიმ კი 46 გოლი გაიტანა.

2013/14 წლების სეზონი, ტრავმების გამო, "ბარსელონას" 10 ნომრისთვის კარიერაში ყველაზე რთული იყო. ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, არგენტინელს თვეზე მეტი გაუცდა. ამის მიუხედავად, სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში მან 41 გოლი მაინც გაიტანა, აქედან 28 ლა ლიგაში და 8 ჩემპიონთა ლიგაზე.

სეზონის ბოლოს, მესის, "ბარსელონას" მაისურით, უკვე 369 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც კატალონიელთა ლეგენდის, პაულინიო ალკანტარას შედეგზე უკეთესი მაჩვენებელი იყო.

2014/15 წლების სეზონში ლიონელ მესიმ კვლავ გაიბრწყინა. არგენტინელი "ბარსელონას" მიერ ტრებლის მეორედ მოგების ერთ-ერთი მთავარი შემქმედი იყო. 2009 წელს ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგების შემდეგ, "ბარსელონამ" იგივე შედეგი 6 წელიწადში აჩვენა. ლეომ, ამ სამ ტურნირზე, 56 გოლი გაიტანა. 2014/15 წლების სეზონში მესიმ 2 თითქმის მიუღწეველი რეკორდი დაამხო: გაიტანა ლა ლიგაში 252-ე გოლი, აჯობა ტელმო სარას და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა; ჩემპიონთა ლიგაზე აპოელ-ს ჰეთ თრიქი შეუსრულა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 99 თამაშში ლეოს 77 გოლი ჰქონდა გატანილი.

იმავე სეზონში, ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტიც გახდა. მან ლუიშ ფიგუს აჯობა, რომლის პასებითაც თანაგუდნელებს 105-ჯერ გაუტანიათ.

2015 წელს კარგად თამაში მესის მე-5 "ოქროს ბურთის" მოგებით დაუფასდა.

2017 წლის 23 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალთან" გამართული "ელ კლასიკოს" ბოლო წუთზე, ლეომ "ბარსას" მაისურით თავისი მე-500 გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლიონელ მესიმ "ბარსელონა" 2021 წელს, უფასოს დატოვა.

ლიონელ მესი არგენტინს ეროვნული ნაკრების კაპიტანია. მას, "ალბისელესტეს" მაისურით, მსოფლიოს 2006, 2010, 2014 და 2018 წლის ჩემპიონატებზე, ასევე კოპა ამერიკის 2007, 2011, 2015, 2016, 2019 და 2021 წლის გათამაშებებში მიუღია მონაწილეობა. 2014, 2015 და 2016 წლებში, მისმა გუნდმა ფინალი წააგო, ბოლო გათამაშება სწორედ არგენტინის გამარჯვებით დასრულდა, მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. 2008 წელს კი, მესიმ, არგენტინასთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მოიგო.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (10): 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის თასი (7): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი (8): 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14, 2016/17, 2018/19
  • ჩემპიონთა ლიგა (4): 2005/06, 2008/09, 2010-11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
არგენტინის ნაკრები
  • ოლიმპიადა: 2008
  • 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი: 2005
  • კოპა ამერიკა: 2021

ინდივიდუალური

  • ოქროს ბურთი (6): 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019
  • ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (5): 2008/09, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2014/15
  • ოქროს ბუცი (6): 2009/10, 2011/12, 2012/13, 2016/17, 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (7): 2009/10, 2011/12, 2012/13, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20
  • ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2010/11, 2014/15
  • FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს მე-2 საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2007, 2008
  • FIFA-ს ოქროს ბურთზე მე-2 ადგილი (2): 2013, 2014
  • FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2009, 2019
  • მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2014
  • კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი: 2021
  • კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი: 2021