იასპერ სილესენი


იასპერ სილესენი

იასპერ სილესენი "ბარსელონაში" 2016 წლის 25 აგვისტოს გადავიდა და 2016/2017 წლების სეზონში კატალონიური კლუბის მეხუთე შენაძენი გახდა. სილესენი 1989 წლის 22 აპრილს ჰოლანდიის ქალაქ გროსბიკში დაიბადა. იგი რიგით მეოცე ჰოლანდიელი ფეხბურთელია "ბარსელონას" ისტორიაში, ასევე მეორე ჰოლანდიელი მეკარე - მას წინ რუდ ჰესპი უსწრებდა. "ბლაუგრანაში" გადასვლამდე იასპერს ნათამაშები აქვს ჰოლანდიურ კლუბებში: "ნაიმეგენსა" (2010-11) და "აიაქსში" (2011-16). სილესენის დებიუტი "ნაიმეგენში" 21 წლის ასაკში, "ჰერენვენის" წინააღმდეგ მატჩში შედგა, 2011 წლის აგვისტოში კი "აიაქსში" გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში იგი კარიერის ადრეულ ეტაპზე პოზიციას ვერმეერთან იყოფდა, თუმცა მალე გუნდის სასტარტო შემადგენლობის მეკარედ ჩამოყალიბდა. სილესენმა ითამაშა 142 მატჩში, მათგან 63-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რაც ძალზე შთამბეჭდავი რიცხვია. კარიერის განმავლობაში სილესენი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე სამჯერ დაუპირისპირდა, ერთხელ 2013/2014 სეზონში და ორჯერ მომდევნო სეზონში.

ჰოლანდიურ გრანდთან ერთად სილესენმა 4 ტიტული მოიგო, ჰოლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული იგი ზედიზედ სამჯერ გახდა, 2013, 2014 და 2015 წლებში.

ეროვულ ნაკრებში მისი დებიუტი 2013 წლის ივნისში შედგა და დღეისათვის ჰოლანდიელთა პირველი მეკარეა. მან მონაწილეობა მიიღო 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ყველა შეხვედრაში ითამაშა.

თვისებები

იასპერ სილესენის სათამაშო სტილი უფრო ბურთის ფლობასა და მის კონტროლზეა დამყარებული, ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ მას ორი "ბლაუგრანელი" სპეციალისტი წვრთნიდა: ლუი ვან გაალი და ფრანკ დე ბური. მას აქვს ფეხით თამაშის კარგი უნარი და ხშირად ერთვება თამაშში, გამოირჩევა მცველებთან შეთამაშებით.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის თასი: 2016/17

აიაქსი

ჰოლანდიის ჩემპიონატი (3): 2011/12, 2012/13, 2013/14

ჰოლანდიის სუპერ თასი: 2013


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.