სერჟიო ბუსკეტსი


სერჟიო ბუსკეტსი

საბადელში დაბადებული, სერჟიო ბუსკეტსი,  "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდს 2005 წელს შეუერთდა. ჟუვენილ ა-ში თამაშის განმავლობაში მან სამი ტიტული მოიგო ისეთი ფეხბურთელების გვერდზე, როგორებიც არიან ბოიანი, კროსასი, ჟეფრენი და ჯოვანი.

2006/07 წლების სეზონში ის განაგრძობდა თამაშს ჟუვენილ ა-ში და ალექს გარსიას ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდულ გუნდში თამაშის მესამე წელს, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად, მან 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

შემდეგ სეზონში ბუსკეტსმა "ბარსა ბ"-ში გადაინაცვლა, რომელსაც უკვე პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. 12 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას გვარდიოლა თავისი თამაშით გაეოცებინა და მას მერე კიდევ 23 მატჩი ჩაატარა. ბუსკეტსმა "ბარსა ბ"-ს მე-2 დივიზიონში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სერჟიომ პირველად "ბარსას" ძირითად გუნდში 2007/08 წლების სეზონში ითამაშა, კატალონიის თასზე. ამავე შეჯიბრზე ითამაშა მან მეორედ "ბარსას" რიგებში 2008/09 წლების სეზონში, ხოლო მისი ოფიციალური დებიუტი ლა ლიგაზე, 2008 წლის 13 სექტემბერს, "რასინგის" წინააღმდეგ შედგა. მან სრული 90 წუთი ითამაშა.

ბუსკეტსი ძირითად გუნდში თამაშის უფრო და უფრო მეტ შანსს იძენდა და ტრიპლეტის შემსრულებელ "ბარსაში" საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო. თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ის ძირითადშიც ვიხილეთ, საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ სერჟიომ დიდი ნახტომი გააკეთა, 1 წელიწადში მესამე დივიზიონიდან ტრიპლეტის მფლობელამდე.

2009/10 წლების სეზონში, ბუსკეტსმა თავი გამოიჩინა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა. იაია ტურესთან არსებული სერიოზული კონკურენციის მიუხედავად, მან ლა ლიგაში 33, ჩემპიონთა ლიგაზე 10 და ესპანეთის თასზე 4 თამაში ჩაატარა.

2010/11 წლების სეზონში, ბუსკეტსმა გუნდში თავისი ადგილი შეინარჩუნა და "ბარსელონას" ესპანეთის სუპერ თასის, ჩემიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

2011/12 წლების სეზონში, ბუსკეტსმა პროგრესი განაგრძო. მისმა გუნდმა ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ნახევარმცველმა, 52 შეხვედრაში, 2 გოლი გაიტანა. ის სასტარტო შემადგენლობის უცლელი წევრი იყო.

2013/14 წლების სეზონში, სერჟიომ 48 თამაში ჩაატარა. მან 3 გოლი გაიტანა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. იმ სეზონში, ბუსკეტსმა, "ბარსას" მაისურით, ლა ლიგაში 250-ე, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 30-ე თამაში ჩაატარა.

2014/15 წლების სეზონში, ბუსკეტსს, "ბარსელონას" ფორმით, უკვე 300 მატჩში ჰქონდა ჩატარებული. იმ დროს გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ასეთი შედეგი მხოლოდ ჩავის, ინიესტას, მესისა და ალვესს ჰქონდათ. იმ სეზონში, სერჟიომ მონაწილეობა 44 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო. მან ერთადერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლმა გუნდს "ვალენსიასთან" გამართულ მძიმე ბრძოლაში 3 ქულა მოუტანა.

"ბარსაში" კარგი თამაში ბუსკეტსს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის გულის მოგებაში დაეხმარა. მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2009 წლის 1 აპრილს შედგა, თურქეთის წინააღმდეგ, და გამარჯვებით, 2-1, დასრულდა. ის ასევე გაემგზავრა 2009 წლის კონფედერაციის თასზე აფრიკაში.

ვისენტე დელ ბოსკე ბუსკეტსს ესპანეთის ნაკრების უცვლელ წევრად განიხილავდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, რომელიც "ფურია როხამ" მოიგო. სერჟიომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის მოგებაშიც. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი მისი ნაკრებისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა.

სერჟიო ბუსკეტსი კარლეს ბუსკეტსის ვაჟია, რომელიც "ბარსელონას" კარს 1990-იან წლებში იცავდა.

თვისებები

სერჟიო სრულყოფილი ნახევარმცველია, კარგად ცნობილი თავისი საფეხბურთო ინტელექტით. ის გამოირჩევა მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევით და კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა. ბუსკეტსი გუნდს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, რადგან ძალიან იშვიათად კარგავს ბურთს და ასევე კარგია დაცვითი მოვალეობების შესრულებაშიც. სერჟიო მრავალფეროვანი მოთამაშეა და შეტევით პოზიციებზეც შეუძლია თამაში. მისი ტაქტიკური მცოდნეობა და სიმაღლე (თითქმის 190 სმ) ნიშნავს, რომ მას ნახევარდაცვის გარდა, ცენტრალურ მცველად ან ფორვარდად შეუძლია თამაში.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (7): 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18

ესპანეთის თასი (6): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (6): 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17, 2018/19

ჩემპიონთა ლიგა (3): 2008/09, 2010/11, 2014/15

ევროპის სუპერ თასი (3): 2009, 2011, 2015

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16

ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010

ევროპის ჩემპიონატი: 2012


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.