ლუის ენრიკე: პიკე თავის შესაძლებლობებს უკვე წლებია, აჩვენებს
ბოლო პერიოდში, ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონას" წარმომადგენლების რიცხვი თანდათან მცირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული გუნდი ანდრეს ინიესტამ დატოვა და ვარაუდობენ, რომ მის მაგალითს ჟერარ პიკეც გაიმეორებს. თუმცა, "ფურია როხას" ახალი მთავარი მწვრთნელი და "ბარსას" ექს-დამრიგებელი, ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ფეხბურთელს პირადად დაელაპარაკება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად მასთან შეთანხმებით მიიღებს.
"ჩემს ფეხბურთელებთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მომავალში ამას აუცილებლად გავაკეთებ. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგები და ასე შევარჩევ საუკეთესო შემადგენლობას, პიკე კი თავის შესაძლებლობებს უკვე წლებია, ავლენს, ასე რომ, ის ნაკრებისთვის საჭიროა. თუმცა, ამის გარდა მისი პირადი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია".
რაც შეეხება ინიესტას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, იაპონური "ვისელ კობეს" ფეხბურთელია:
"ანდრესი ჩემთვის ყოველთვის პატარა ძმასავით იყო. როცა "ბარსელონას" ვწვრთნიდი, მეხმარებოდა და ბევრ რჩევას მაძლევდა. კარგი იქნებოდა, ახლა რომ გუნდში 25 ან 26 წლის ინიესტა გვყავდეს, მაგრამ ის კარიერის სხვა ეტაპზეა. მისთვის ახალი თავგადასავალი იწყება".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]