პრესეზონისთვის მზადება 11 ივლისს დაიწყება
პირველი გუნდის მოთამაშეები, რომლებიც რუსეთის მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ იღებენ, შვებულებიდან 11 ივლისს დაბრუნდებიან.
ისინი ჩვეულებრივ სამედიცინო და ფიზიკურ შემოწმებას გაივლიან. ეროვნულ ნაკრებებში მყოფი "ბარსელონელები" კი კლუბს ეტაპობრივად შეუერთდებიან, რათა პრესეზონისთვის მოემზადონ. 12 ივლისს, ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში მყოფი "ლურჯ-ბროწეულისფერები" ვარჯიშს ორმაგი სესიით დაიწყებენ.
აშშ-ს ტურნე 24 ივლისიდან
გუნდი 24 ივლისს, განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელით შტატ ორეგონის ქალაქ ბივერტონში გაემგზავრება. ეს იქნება აშშ-ს ტურნეს პირველი წერტილი, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდება.
ამ 12 დღის განმავლობაში, "ბარსელონა" სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. კატალონიელები 28 ივლისს, ლოს-ანჯელესში "ტოტენჰემს", 31 ივლისს, დალასში "რომას", ხოლო 4 აგვისტოს, სანტა კლარაში "მილანს" დაუპირისპირდებიან.
ეს მატჩები საერთაშორისო ამხანაგური ჩემპიონთა თასის ფარგლებში შედგება, რომელშიც მონაწილეობა "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ოთხჯერ მიიღეს და წინა პრესეზონზე მოიგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]