ბოიანი – ყველაზე ახალგაზრდა ევროტურნირებზე

ბოიანი – ყველაზე ახალგაზრდა ევროტურნირებზე

ბოიან კრკიჩი გახდა "ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ევროთასებზე მიუღია მონაწილეობა. 19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლიონთან” მატჩში იგი სულ რაღაც 17 წლის და 22 დღის იყო.

არასდროს არავის "ბარსას” მაისურით ამ ასაკში ევროთასებზე არ მიუღია მონაწილეობა, ასე რომ "ლიონთან” დაპირისპირებაში ბოიანმა რეკორდი დაამყარა. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა დაამხო ლეო მესის რეკორდი, რომელიც 2004 წლის 7 დეკემბერს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის "შახტარის” წინააღმდეგ მატჩში მას დებიუტი ჰქონდა, 17 წლის, 5 თვის და 13 დღის იყო.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბოიანი მოედანზე სწორედ ლეო მესის მაგივრად შევიდა თამაშის 88-ე წუთზე. დარჩენილ 4 წუთში ბოიანმა ბურთის მხოლოდ ერთხელ მიღება მოასწრო, მაგრამ ამ მომენტში მან ძალზე რთულ სიტუაციაში რამდენიმე ფრანგ ფეხბურთელს აჯობა.

თამაშის დასრულების შემდეგ ბოიანმა "Barça TV”-ს გაუნცხადა, რომ ეს იყო გამორჩეული დღე მის ცხოვრებაში. "მე ბედნიერი ვარ იმ ოთხი წუთით, რომელიც გავატარე მოედანზე. მე ბედნიერი ვიყავი უკვე იმ ფაქტით, რომ მოვხვდი სათადარიგოთა სკამზე, ხოლო დებიუტი ევროტურნირზე, თან "ნოუ კამპზე”, ეს უკვე დაუჯერებელია, მე ამ წუთებს არასდროს არ დავივიწყებ” – განაცხადა კრკიჩმა.

ბოიანამდე და მესიმდე კლუბის ისტორიაში რამდენიმეჯერ დაფიქსირდა ანალოგიური რეკორდი. 1980-81 წლების სეზონში მოედანზე გამოვიდა პედრასა, რომელიც იმ დროს 17 წლის, 11 თვის და 12 დღის იყო, ამ თამაშში ბარსელონა მალტურ "სილემა ვონდერერს” დაუპირისპირდა უეფას თასის გათამაშებაში. 1999 წლის 24 ოქტომბერს კი "ბარსას” მაისურით მოედანზე გამოვიდა ფერნანდო მასედა "ნანო”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "სოლნას” წინააღმდეგ მატჩში 17 წლის, 6 თვის და 7 დღის იყო.

ბოიანის გარდა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა "ბარსას” კიდევ ორ ფეხბურთელს, ჯოვანი დოს სანტოსს და გაბრიელ მილიტოს. მილიტომ შეხვედრა თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო დოს სანტოსი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა ჩავის ნაცვლად და თამაშის მიწურულს ცოტა დააკლდა გოლის გასატანად, მაგრამ იმ მომენტში "ბარსამ” მაინც იხეირა და ტიერი ანრიმ გაიტანა გოლი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.